-
თბილისი
თბილისიდან ჩრდილოეთით 152 კმ-ში, ისტორიულ მხარე ხევში, მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა. 3818 მოსახლით, იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა დაბაა, თუმცა მოგზაურობისთვის უნიკალური მიმართულებაა. ძველი ტრადიციებისა და ადგილობრივების ერთიანობა ამ ადგილს განსაკუთრებულს ხდის.
საუკეთესო მწერლებიც კი ვერ შეძლებდნენ სტეფანწმინდის ირგვლივ არსებული ადგილებისა და ადამიანების სილამაზის აღწერას; თუმცა ჩვენ მაინც შევეცდებით: შიშველი კლდეები, ალპური ტბები, მჟავე წყლები, ჩანჩქერები, ტრადიციული სახლები და გამორჩეული ყაზბეგის მთა მომაჯადოებელია. გერგეტის სამების ტაძრის წინ დგომისას განცდილი ყოვლისმომცველი თავისუფლების შეგრძნება კი განუმეორებელი. შესაძლოა, სწორედ ეს არის მიზეზი ადგილობრივების მამაცი, შეუპოვარი და თავისუფალი სულის ჩამოყალიბებისა. მათი თავისუფლებისთვის საზღვრებისა და შეზღუდვების არარსებობა საუკუნეების განმავლობაში მამოძრავებელი ძალა იყო ადგილობრივი მოხევეებისთვის. ასე უწოდებენ საკუთარ თავს ისინი დღესაც. თავად ადგილობრივები, თავიანთი მოხევური დიალექტითა და დღემდე შემორჩენილი წარმართული ტრადიციებით, ამ ადგილის ყველაზე დიდი ხიბლია.
ისტორია
სტეფანწმინდა დიდი ხნის წინ იყო დასახლებული. ყაზბეგის ტერიტორიაზე აღმოჩენილი განძი ძვ.წ. VI–V საუკუნეებით თარიღდება და მიიჩნევა, რომ იგი კავკასიაში მცხოვრებ ერთ-ერთ უძველეს ტომს ეკუთვნოდა. ძვ.წ. II საუკუნეში აგებული დარიალის ციხე, სხვადასხვა ციხეების ნანგრევები და ადრეული შუა საუკუნეების საცხოვრებლები ადასტურებს, რომ აქ ცხოვრება უწყვეტად მიმდინარეობდა. მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, სტეფანწმინდა ყოველთვის დასახლებული იყო. ამის მიზეზი მარტივია: სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის მხოლოდ ერთი ბუნებრივი ღიობი არსებობს, რომელიც წლის განმავლობაში არ იხერგება და ის მდებარეობს დარიალის ხეობაში, სტეფანწმინდიდან მხოლოდ 11 კმ-ში. ძველად იგი მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს ეკუთვნოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი ცნობილი აბრეშუმის გზის ნაწილი იყო; შესაბამისად, ეკონომიკურად და სტრატეგიულად ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ. სტეფანწმინდა დღემდე რჩება სასაზღვრო დაბად და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტების გადაკვეთის წერტილად. სატვირთო ავტომანქანების რიგები საერთაშორისო ნომრებით ამის ნათელი დასტურია.
რა ვაკეთოთ ?
დღეს სტეფანწმინდა საქართველოში მოგზაურთა საყვარელი მიმართულებაა. აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის საინტერესო საქმიანობას; თუმცა ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია ბუნების მოყვარულთათვის. მათთვის აქ უამრავი აქტივობაა: ლაშქრობა, ქემფინგი პატარა სოფლებში ან მთებსა და კლდეებში, რომელსაც ადგილობრივები „ჭაუხებს“ უწოდებენ; ჩანჩქერების, ტბებისა და მჟავე წყლების დათვალიერება, ბირდვოჩინგი, პარაგლაიდინგი და სხვა კი აქაურ ექსტრემალურ გართობებს მიეკუთვნება. გერგეტის სამების ტაძრის მონახულება აუცილებელია ყოველი სტუმრისთვის. ხოლო გამოცდილი მთამსვლელებისთვის გზა გერგეტის სამებიდან იწყება და ყაზბეგის მთის მყინვარის მწვერვალზე მიემართება, სადაც შეგიძლიათ სასტუმრო "ალტიჰატში" დაბინავება და ყველაზე გემრიელი ყავის მირთმევა სწორედ აქ 3000 მეტრის სიმაღლეზე ულამაზესი ხედების ფონზე!
სახელი
ბევრს აინტერესებს, რატომ ჰქვია ყაზბეგს სინამდვილეში სტეფანწმინდა და რას ნიშნავს ეს. ყაზბეგის სახელი საინტერესო ხალხურ ამბავთან არის დაკავშირებული: ხალხური თქმულების მიხედვით, ცხოვრობდა კაცი სახელად ღრუბელა ფიცხელაური, რომელიც ბერად აღიკვეცა და სახელად სტეფანე დაირქვა. იგი ადგილობრივ სალოცავში მსახურობდა, რომელიც დასახლებისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობდა. ერთხელ მან დაინახა ზვავი, რომელიც სოფლისკენ მოიწევდა. ზარების რეკვით მან მოსახლეობის გაფრთხილება შეძლო. ხალხმა თავი დაიხსნა, გადავიდა და უფრო უსაფრთხო ადგილას ახალი დასახლება ააშენა. მას შემდეგ ამ ახალ დასახლებას სტეფანწმინდა ეწოდა ადგილობრივი ბერის პატივსაცემად.
რა ვნახოთ