|
|
დილით, შეხვდით თქვენს გიდს და მძღოლს, რათა დაიწყოთ მოგზაურობა კახეთისკენ. კახეთში თქვენ გელით გრძელი, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით სავსე დღე. თქვენი პირველი გაჩერება საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს გზაზე, პატარა ქალაქია, სახელად თელავი. თელავი კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ის ასევე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. თელავის ძველ ქალაქში მოკლე გასეირნების შემდეგ, ეწვიეთ მეფე ერეკლე II-ის რეზიდენციას. ის ახლახან აღადგინეს და მუზეუმად გადააკეთეს. აქ შეგიძლიათ ნახოთ: ნუმიზმატიკური მასალა, გვიანი შუა საუკუნეების ჯავშანი, XVII-XIX საუკუნეების სპილენძის ნივთები, იარაღი და ა.შ.
შემდეგი გაჩერება იქნება პატარა სოფელი ვარდისუბანი სადაც მექვევრე ზაზა ცხოვრობს. ზაზა ოჯახის მეოთხე თაობას წარმოადგენს რომლებიც ქვევრებისა და ღვინის კეთებით არიან დაკავებული. აქ დავაგემოვნებთ ყველაზე ტრადიციულ საფერავსა და რქაწიტელს და მოვინახულებთ ქვევრების დამზადების პროცესს.
ვეწვევით კახეთის რელიგიურ ცენტრს: ალავერდის მონასტერს (XI ს.). იქ ნახავთ მამა იოსებ ალავერდელის (VI ს.) საძვალეს და ფრესკების მხატვრობას (XI ს.). ალავერდი ასევე ცნობილია თავისი ვენახით და სხვადასხვა სახეობის ღვინის დაყენების ხანგრძლივი ტრადიციით. აქვე დავაგემოვნებთ სამონასტრო ღვინოს. როგორც ვიცით ალავერდის მონასტერს ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმოება აქვს. სწორედ ალავერდის მონასტრის დამსახურებაა ის ფაქტი რომ დღეს ქვევრის ღვინო და ქართული ტრადიციული მეღვინეობა შენარჩუნებულია და არა მხოლოდ, არამედ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შედის.
იყალთო,ჩვენი შემდეგი გაჩერება, შუა საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოში უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ამჟამად იქ სამი ეკლესიისა და აკადემიის შენობის ნანგრევებია შემორჩენილი. ბოლო ადგილი , რომელსაც ამ დღეს ვეწვევით, გრემის ისტორიული კომპლექსია. გრემი XVI–XVII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ის სამი ნაწილისგან შედგებოდა, თუმცა შაჰ-აბას I-ის დამანგრეველ შემოსევებს მხოლოდ მთავარანგელოზთა კომპლექსი გადაურჩა.
ღამისთევა ენისელში.