-
თბილისი
ძვ.წ. V საუკუნეში, როდესაც ბაბილონის იმპერიის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო და ებრაელები ბაბილონში გადაასახლა, ებრაელთა მცირე ნაწილმა გაქცევა მოახერხა. მათ დიდი გზა გამოიარეს და ბოლოს მიაღწიეს ძველ ქართულ სამეფოს - ქართლს, სადაც მცხეთის მამასახლისს თავშესაფარი სთხოვეს. მცხეთის მამასახლისი დასთანხმდა და მისცა მათ უფლება დასახლებულიყვნენ თანამედროვე მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. დრო გავიდა და ზოგიერთი ოჯახი დედაქალაქშიც გადავიდა.
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით: როცა იესო იშვა, ადგილობრივმა ებრაელებმა მის შესახებ ამბავი მიიღეს. საქართველოდან იერუსალიმში ორი ებრაელი გაეშურა — ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. მათ იერუსალიმში ჩასვლისას იხილეს იესო ქრისტეს ჯვარცმა. მცხეთაში დაბრუნებისას სწორედ მათ ჩამოიტანეს ქრისტეს კვართი. ქალაქ მცხეთის კარიბჭესთან მათ ელოდებოდათ წმინდა სიდონია — ელიოზის და. მან ხელში აიღო ქრისტეს კვართი და გარდაიცვალა. ვერავინ შეძლო წმინდანისათვის კვართი გამოერთმია. იგი დაკრძალეს მცხეთაში კვართთან ერთად, სწორედ იმ ადგილას, სადაც დღეს სვეტიცხოვლის ტაძარი არის აგებული. ეს არის ისტორია, რომელიც დღემდე შთააგონებს და იმედს აძლევს მილიონობით მორწმუნეს, განსაკუთრებით ქართველ მართლმადიდებლებს. დღეს სვეტიცხოვლის ტაძარი მთავარი სალოცავი ადგილია საქართველოში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. სვეტიცხოველი იქცა სამეფო სამარხად, სადაც ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს ათი მეფეა დაკრძალული. იგი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს პატრიარქების რეზიდენციას წარმოადგენდა და, რაც მთავარია, მთელი ქვეყნის სულიერი ცენტრია. თუმცა სვეტიცხოვლის ტაძარი მცხეთაში ერთადერთი წმინდა ადგილი არ არის. დღევანდელი მცხეთის პატარა ტერიტორია სავსეა ისტორიით, ლეგენდებითა და რწმენით. მცხეთაში არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება ფეხი დადგა და თქვა — „აქ არაფერი მომხდარა“.
ჯვრის მონასტერი მცხეთაში კიდევ ერთი ადგილია, რომელიც საუკუნეების განმავლობასი იზიდავს მომლოცველებს, თუმცა არა ერთადერთი. ისტორიული ფაქტები, რომლებიც ჯვარს საქართველოს გაქრისტიანებასთან აკავშირებს, მომლოცველებისთვის აქ ვიზიტის მთავარი მოტივაციაა. ჯვრიდან გადაშლილი მომაჯადოებელი ხედები კი ყველა ვიზიტორისთვის აქ სტუმრობის მთავარი მიზეზია. ადგილი, სადაც არაგვი და მტკვარი ერთიანდება, მწერლებისთვის შთაგონების წყაროდ და სიმბოლოდ იქცა.
საქართველოს უძველესი დედაქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მცხეთა დაკავშირებულია ქვეყნის პირველი ერთიანი სამეფოს შექმნასთან. ეს მოხდა ძვ.წ. III საუკუნეში, როდესაც მეფე ფარნავაზმა გააერთიანა აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართული სამეფოები და ერთიან ქართლზე გამეფდა.
რა ვაკეთოთ ?
თუ თქვენ ხართ მოგზაური, რომელსაც აინტერესებს ისტორიული ძეგლები, ძველი არქიტექტურა, რელიგიური მონუმენტები ან უბრალოდ ლამაზი ადგილები, მცხეთა თქვენთვის იდეალური მიმართულებაა. დამატებითი უპირატესობაა ის, რომ მცხეთა თბილისიდან მხოლოდ 20 კმ-ში მდებარეობს და ადვილად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე ტაქსით. თუ გსურთ მცხეთის ჩვენთან ერთად მონახულება დააწკაპუნეთ აქ.
ისტორიული ძეგლები