-
თბილისი
საქართველო ოდესღაც დიდი სამეფო იყო, რომლის საზღვრები შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე ვრცელდებოდა. ეს იყო არნახული სიმდიდრისა და ძლიერების ქვეყანა. მას შემდეგ იყო მრავალი შემოსევა, სიძნელე, თუმცა წარსული ჯერ კიდევ ჩანს და იგრძნობა ისეთ ძეგლებში, როგორიცაა ვარძია. ეს უზარმაზარი გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ისტორიულ რეგიონში - ჯავახეთში, თბილისიდან 230 კმ-ის დაშორებით. ოდესღაც ის ქვეყნის რელიგიური და პოლიტიკური სიძლიერის სიმბოლო იყო. აშენებული XII საუკუნეში, ვარძია წარმოადგენდა დიდ მონასტრულ კომპლექსს, რომელიც მოიცავდა კელიებს, ეკლესიებს, ბიბლიოთეკებსა, მარნებსა და აფთიაქებს. ქალაქი ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს და სამი იარუსი აქვს. ვარძიაში აღმოჩენილია დაახლოებით 600 გამოქვაბული, მათ შორის 25 მარანი და 185 ქვევრი.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სამონასტრო კომპლექსი განსაკუთრებულია თავისი ფრესკებით. XII საუკუნის ბოლოს შესრულებული ფრესკები — თამარ მეფის, გიორგი III-ის და სხვა დიდებულთა — ამშვენებს ვარძიის ეკლესიის კედლებს. თამარ მეფის ფრესკა მისი ყველაზე ადრეული გამოსახულებაა და XII საუკუნის 80-იან წლებშია შექმნილი. იგი გამოსახავს ჯერ კიდევ გასათხოვარ დედოფალს. ამაზე მისი ჩაცმულობა მეტყველებს. XVI საუკუნეში ვარძია პირველად ირანელებმა, შემდეგ კი ოსმალებმა დაარბიეს. განადგურდა გამოქვაბულები და ბიბლიოთეკა, მრავალი ბერი დაიღუპა. ნელ-ნელა მონასტერი დაიცალა. დღეს ვარძიაში სამონასტრო ცხოვრება კვლავ აღდგა, ამიტომ იგი არა მხოლოდ ისტორიული ძეგლია, არამედ მოქმედი სამონასტრო კომპლექსიც.
ვარძია პოპულარული მიმართულებაა მრავალი მიზეზის გამო: ულამაზესი მთიანი პეიზაჟები, მდინარე მტკვარი, კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულები და მიმდებარე ტერიტორია. კიდევ რა არის ვარძია? ვარძია არის ჯავახეთი — საქართველოს სამხრეთი, ადგილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში პირველი ხვდებოდა დამპყრობლებს და ხშირად ხდებოდა შემოსევების ობიექტი. ჯავახეთი შედგება ტრადიციული ქვისგან ნაშენები საცხოვრისებისაგან, რომლებიც ნაწილობრივ მიწაშია ჩაშენებული, ქვის თონეებისგან, სადაც ადგილობრივი ქალები აცხობენ პურსა და ყველიან ღვეზელებს, თევზის მეურნეობებისგან და ადგილებისგან, სადაც მზადდება „ჩეჩილი“. ჯავახეთი არის ადგილი უამრავი ცხვრითა და პირუტყვით, თევზით და შემოდგომის ფერებში შეღებილი კლდოვანი ლანდშაფტებით. ამიტომ ეწვიეთ, ნახეთ, გასინჯეთ და შეიგრძენით საქართველო აქ!