-
თბილისი
თბილისიდან ჩრდილოეთით 152 კმ-ში, ისტორიულ მხარე ხევში, მდებარეობს დაბა სტეფანწმინდა. 3818 მოსახლით, იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა დაბაა, თუმცა მოგზაურობისთვის უნიკალური მიმართულებაა. ძველი ტრადიციებისა და ადგილობრივების ერთიანობა ამ ადგილს განსაკუთრებულს ხდის.
საუკეთესო მწერლებიც კი ვერ შეძლებდნენ სტეფანწმინდის ირგვლივ არსებული ადგილებისა და ადამიანების სილამაზის აღწერას; თუმცა ჩვენ მაინც შევეცდებით. შიშველი კლდეები, ალპური ტბები, მჟავე წყლები, ჩანჩქერები, ტრადიციული სახლები და გამორჩეული ყაზბეგის მთა მომაჯადოებელია. გერგეტის სამების ტაძრის წინ დგომისას განცდილი ყოვლისმომცველი თავისუფლების შეგრძნება კი განუმეორებელი. შესაძლოა, სწორედ ეს არის მიზეზი ადგილობრივების მამაცი, შეუპოვარი და თავისუფალი სულის ჩამოყალიბებისა. მათი თავისუფლებისთვის საზღვრებისა და შეზღუდვების არარსებობა საუკუნეების განმავლობაში მამოძრავებელი ძალა იყო ადგილობრივი მოხევეებისთვის. ასე უწოდებენ საკუთარ თავს ისინი დღესაც. თავად ადგილობრივები, თავიანთი მოხევური დიალექტითა და დღემდე შემორჩენილი წარმართული ტრადიციებით, ამ ადგილის ყველაზე დიდი ხიბლია.
ისტორია
სტეფანწმინდა დიდი ხნის წინ იყო დასახლებული. ყაზბეგის ტერიტორიაზე აღმოჩენილი განძი ძვ.წ. VI–V საუკუნეებით თარიღდება და მიიჩნევა, რომ იგი კავკასიაში მცხოვრებ ერთ-ერთ უძველეს ტომს ეკუთვნოდა. ძვ.წ. II საუკუნეში აგებული დარიალის ციხე, სხვადასხვა გამაგრებათა ნანგრევები და ადრეული შუა საუკუნეების საცხოვრებლები ადასტურებს, რომ აქ ცხოვრება უწყვეტად მიმდინარეობდა. მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, სტეფანწმინდა ყოველთვის დასახლებული იყო. ამის მიზეზი მარტივია: სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის მხოლოდ ერთი ბუნებრივი გასასვლელი არსებობს და ის მდებარეობს დარიალის ხეობაში, სტეფანწმინდიდან მხოლოდ 11 კმ-ში. ძველად იგი მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს ეკუთვნოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი ცნობილი აბრეშუმის გზის ნაწილი იყო; შესაბამისად, ეკონომიკურად და სტრატეგიულად ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახლდათ. სტეფანწმინდა დღემდე რჩება სასაზღვრო დაბად და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მარშრუტების გადაკვეთილ წერტილად. სხვადასხვა ქვეყნის ნომრიანი სატვირთო მანქანების რიგები გზის პირას ამის ნათელი დასტურია.
რა ვაკეთოთ ?
დღეს სტეფანწმინდა მოგზაურთა საყვარელი მიმართულებაა. აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის საინტერესო საქმიანობას; თუმცა ეს ადგილი განსაკუთრებით აუცილებელია ბუნების მოყვარულთათვის. მათთვის უამრავი აქტივობაა: ლაშქრობა პატარა სოფლებში ან მთებსა და კლდეებში არსებულ ბილიკებზე, რომელსაც ადგილობრივები „ჭაუხებს“ უწოდებენ; ჩანჩქერების, ქაფიანი ტბებისა და მჟავე წყლების დათვალიერება. გერგეტის სამების ტაძრის მონახულება აუცილებელია ყოველი სტუმრისთვის. გამოცდილ მთამსვლელებისთვის გზა გრძელდება გერგეტის სამებიდანაც — მათთვის არის ყაზბეგის მთის მყინვარის მწვერვალზე ასვლის ტური! ასევე შესაძლებელია ცხენით გასეირნება, პარაპლანით ფრენა, საბაგირო გზებით მგზავრობა და სხვა აქტივობები ყაზბეგის გარშემო.
სახელი
ბევრს აინტერესებს, რატომ ჰქვია სტეფანწმინდა ასე და რას ნიშნავს ეს. საინტერესო ამბავია: ხალხური თქმულების მიხედვით, ცხოვრობდა კაცი სახელად ღრუბელა ფიცხელაური, რომელიც ბერად აღიკვეცა და სახელად სტეფანე დაირქვა. იგი ადგილობრივ სალოცავში მსახურობდა, რომელიც დასახლებისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობდა. ერთხელ მან დაინახა ზვავი, რომელიც სოფლისკენ მოიწევდა. სწრაფი ზარების რეკვით მან მოსახლეობის გაფრთხილება შეძლო. ხალხმა თავი დაიხსნა, გადავიდა და უფრო უსაფრთხო ადგილას ახალი დასახლება ააშენა. მას შემდეგ ამ ახალ დასახლებას სტეფანწმინდა ეწოდა ადგილობრივი ბერის პატივსაცემად.
რა ვნახოთ