-
თბილისი
საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ისტორიულ სვანეთში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს უშგული — ოთხი სოფლის ერთობა. იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას, „სახლია“. საოცარი ხედები, პატარა სამლოცველოები და ტრადიციული კოშკები თითოეულ სტუმარს დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის. უშგულის პატარა ბილიკებზე სეირნობა, უნიკალური საცხოვრებლებითა და თბილი, გულღია ადამიანებით გარშემორტყმული, შეუდარებელი გამოცდილებაა. ტრადიციულ სვანურ კოშკში მოწყობილი კინოს, მუზეუმის ან კაფის მონახულება კი სრულიად უნიკალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
საქართველოში ხშირად მოისმენთ ლეგენდებსა და ისტორიებს მამაც ადამიანებზე, რომლებიც არასოდეს ემორჩილებოდნენ მეფეებსა და ფეოდალებს. ზოგჯერ ეს ისტორიები იდეალიზებულია. ეს მეამბოხე და მამაცი სული კავკასიის ბევრ კუთხეში იგრძნობა, თუმცა განსაკუთრებით ძლიერად — უშგულში. უშგული ეკუთვნოდა ტერიტორიას, რომელსაც „უბატონო მიწას“ უწოდებდნენ. ეს ნიშნავს, რომ მაშინ, როცა საქართველოს სხვა ნაწილებში ფეოდალური სისტემა მოქმედებდა, უშგულში სრულიად განსხვავებული წყობა არსებობდა, სადაც ყველა ოჯახი თანასწორი იყო. არ არსებობდნენ ბატონები ან მბრძანებლები. სწორედ ამიტომ, ბევრი უშგულს თარგმნის როგორც „უშიშარ გულს“.
უშგულში შეგიძლიათ მოინახულოთ პატარა სამლოცველო ლამარია, რომელიც IX საუკუნეში აშენდა და ადგილობრივებისთვის მთავარი სალოცავი ადგილია დღესაც. ეს ასევე იყო ადგილი, სადაც "სისხლით მომტერე" ოჯახები შერიგებაზე თანხმდებოდნენ — ძველი ტრადიციის მიხედვით, ისინი წმინდა გიორგის ხატზე ფიცს დებდნენ. ხშირ შემთხვევაში ეს ნიშნავდა სოფელში მშვიდობის დამყარებას და "სისხლის აღების" დასრულებას.
საერთო ჯამში, უშგული აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. რეკომენდებულია ყველასთვის, ვისაც შეუძლია ავტომობილით ხანგრძლივი მგზავრობის ატანა. მათთვის, ვისაც მანქანაში დიდი დროის გატარება არ სურს, შესაძლებელია ადგილობრივი ვერტმფრენით ფრენა ნატახტარის აეროდრომიდან. გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში რეისები ყოველდღიურად სრულდება (შაბათის გარდა), და მესტიამდე მისვლას დაახლოებით 2 საათი და 40 წუთი სჭირდება.